საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე.
TI-ში აცხადებენ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ:
კანონპროექტის განხილვის პროცესი არ იყო ინკლუზიური
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მედიაგარემოზე, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში განიხილა და მიიღო, პროცესში საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების სათანადო ჩართულობის გარეშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინიცირების შემდეგ, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიღებისას, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. თუკი პროექტის თავდაპირველი ვერსია მხოლოდ სიძულვილის ენის რეგულირებას შეეხებოდა, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტს დაემატა უხამსობის რეგულირების საკითხის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი ევროდირექტივების შესრულების არგუმენტით, ცვლილებებს დაჩქარებულად და არაინკლუზიურად განიხილავს და იღებს.
საქართველოს პარლამენტისა და უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის კარგადაა ცნობილი აღნიშნულ საკითხებზე მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია. სიძულვილის ენის რეგულირების სფეროში გადატანის ინიციტივით პარლამენტი არაერთხელ გამოვიდა, თუმცა ვერცერთხელ ვერ მიაღწია შეთანხმებას მედიასთან და იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც მედიის თავისუფლების თემებზე მუშაობენ.
საგულისხმოა ისიც, რომ მედიის ადვოკატირების კოალიციამ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმის შესახებ, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს შეთავაზება არ გაიზიარა.
ყოველ ჯერზე სიძულვილის ენის რეგულირების სფეროში გადატანის საკითხი ფართო დისკუსიის საგანი ხდებოდა. კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა იმ დღეებში, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი განიხილებოდა, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ სწორედ ამ დისკუსიის თავიდან არიდებისკენ იყო მიმართული.
რას ითხოვს ევროდირექტივა
სიძულვილის ენის რეგულირების საკითხის ინიცირებისას მმართველი პარტია ყოველ ჯერზე არგუმენტად იშველიებდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას. მართალია, ამჯერად კანონპროექტის განმარტებითი ბარათი აღნიშნულ დირექტივაზე არ მიუთითებს, თუმცა კანონპროექტის ინიციატორებმა, ეს არგუმენტი არაერთხელ მოიხსენიეს საკომიტეტო თუ პლენარულ მოსმენაზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ევროკავშირის დირექტივის შესრულების მოტივით საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საფარქვეშ ცდილობს განახორციელოს კრიტიკული გამოხატვის თავისუფლებას შემზღუდველი ცვლილებები.
უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს თავად ევროკავშირის დირექტივის ბუნება და იმპლემენტაციის პირობები. კერძოდ, დირექტივა საკანონმდებლო აქტია, რომლის ადრესატს სახელმწიფოები წარმოადგენენ. დირექტივისთვის მთავარია ქვეყანამ მასში აღნიშნული მიზანი შეასრულოს და რა გზას, ფორმასა და საშუალებას აირჩევს დადგენილი მიზნის მისაღწევად, თავად სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მართალია, ევროდირექტივა მიუთითებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვალდებულებაზე, მედია არ შეიცავდეს სიძულვილის ენასა და ძალადობისკენ მოწოდებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროდირექტივა არ ანიჭებს არცერთ სისტემას (რეგულაციას თუ თვითრეგულაციას) უპირატესობას. შესაბამისად, თავად სახელმწიფოზეა დამოკიდებული, თუ რომელ სისტემას აირჩევს მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად. აუცილებელია, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებების მიღებისას, არსებობდეს დაინტერსებულ მხარეებს შორის კონსენსუსი, რასაც თავად დირექტივის მე-4 მუხლიც ითვალისწინებს და რისი დეფიციტიც გვაქვს სახეზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, უპირველეს ყოვლისა, უფრო პრობლემური და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისათვის გაცემული 12 რეკომენდაცია შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. უმჯობესია ხელისუფლების ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით, მედიის გაძლიერებისკენ იყოს მიმართული.
რას ითვალისწინებს კანონი და რა საფრთხეებს შეიცავს კომისიის უფლებამოსილების გაზრდა
მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ინიციატივით, კომუნიკაციების კომისია შეძლებს დაარეგულიროს მაუწყებლების პროგრამებსა და რეკლამებში სიძულვილის ენისა და უხამსობის გავრცელება, რაც ამ დრომდე სრულად თვითრეგულირების ნაწილი იყო.
კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად ფართოვდება უხამსობის შემცველი პროგრამებისა და რეკლამების განთავსების ნაწილშიც და ის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადადის.
სიძულვილის ენის შესაძლო გამოყენების შესახებ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების (მაგ: მაუწყებლების მიერ შექმნილი კომისიებისა და სააპელაციო საბჭოების) ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება კი კომუნიკაციების კომისიაში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი უკვე სასამართლოში.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის უხამსობის და სიძულვილის ენის საკითხების გადაწყვეტის უფლების მინიჭება სცდება კომისიის ფუნქციებს, მას მედია პროდუქტის შინაარსის რეგულირების საშუალებას აძლევს და საფრთხის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის.
სიძულვილის ენის რეგულირების მიზანი, უპირველეს ყოვლისა, უმცირესობების დაცვა უნდა იყოს. რამდენად კარგად იმუშავებს კანონი და წესი, რომელიც, შესაძლოა, თავისთავად ცუდი იდეის მატარებელი არ იყოს, დამოკიდებულია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობაზე. ხელისუფლებამ არაერთ კრიტიკულ სიტუაციაში ვერ უზრუნველყო უმცირესობების სათანადო დაცვა. ამ შემთხვევაშიც საეჭვოა, რომ სიძულვილის ენის რეგულირებამ შედეგად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა მოიტანოს. პირიქით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სიძულვილის ენის რეგულირება შეიძლება რადიკალური ჯგუფების მიერ იყოს გამოყენებული სწორედ უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასარღვევად.
სიძულვილის ენის რეგულირებაზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონის პრობლემურობასა და მის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შეუსაბამობაზე თავის დასკვნაში საუბრობენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც. მათი აზრით, კანონი, სავარაუდოდ, დაარღვევს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს. ისინი სიძულვილის ენის რეგულირების სხვადასხვა მოდელზე მსჯელობისას აღნიშნავენ, რომ „რეკომენდებულია, სიძულვილის ენა დარჩეს თანარეგულირების ობიექტად, გაუმჯობესებული თანარეგულირების მექანიზმის პირობებში“.
რა სახის სანქციები ემუქრება მაუწყებლებს
უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანის შემდეგ, კომისიას ექნება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით და/ან დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე განიხილოს საკითხი და მაუწყებელს დაუწესოს სანქციები.
სიძულვილის ენის საკითხის განხილვა კომისიას მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას კომისიაში გაასაჩივრებს.
ორივე შემთხვევაში შეიძლება კომისიის მიერ გამოყენებული იყოს შემდეგ სანქციები:
- გაფრთხილება
- ჯარიმა - არაუმეტეს მაუწყებლის წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა. ერთი წლის განმავლობაში თუკი ხელახლა ჩაიდენს მაუწყებელი დარღვევას ჯარიმად შეიძლება განისაზღვროს წლიური შემოსავლის 1%, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად. ხოლო პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
- ლიცენზიის მოქმედების შეჩერება - კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ მაუწყებლის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში
მარეგულირებელი ორგანოს დაბალი ხარისხის დამოუკიდებლობისა და სასამართლო სისტემისადმი ნდობის არარსებობის პირობებში იზრდება მაუწყებლების არაობიექტურად დაჯარიმების რისკი. იმ ფონზე, როდესაც კითხვის ნიშნები არსებობს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებისა და გასაჩივრების პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით, კომუნიკაციის კომისიისთვის ახალი კომპეტენციის მინიჭება გაზრდის ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კრიტიკული მედიის დაჯარიმების რისკებს და უარყოფითად აისახება ტელევიზიების, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მაუწყებლების ფინანსურ მდგრადობასა და სტაბილურობაზე. არსებულ რისკებს კიდევ უფრო ამწვავებს მარეგულირებელი ორგანოს პოლიტიზება და მისი მმართველი ძალისგან დამოუკიდებლობის პრობლემები.
მოქმედი სამართლებრივი რეგულაცია და სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირების საჭიროება
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს სიძულვილის ენის სამართლებრივ რეგულირებას, კანონმდებლობა სრულად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ლახავს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებს ან სხვა პირთა კანონით დაცულ უფლებებს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება (3391 მუხლი) ან მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისაკენ (317 მუხლი), აგრეთვე მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ (405-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუკი გამოხატვის თავისუფლებით ილახება ადამიანის პიროვნული უფლებები (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია), ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და დაიცვას დარღვეული უფლება სამოქალაქო სამართლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი).
შესაბამისად, გამოხატვა, თუ იგი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ან არღვევს ადამიანის უფლებებს, ისედაც რეგულირებულია საქართველოს კანონდებლობით. გამოხატვის თავისუფლების დამატებითი რეგულირება არა უფლებათა უკეთ დაცვას უზრუნველყოფს, არამედ სახელმწიფოსთვის მინიჭებული ბერკეტების ბოროტად გამოყენების რისკებს გაზრდის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა - ამ პირობებში კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები არ უნდა მიიღებოდეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ.
TI მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს.
***
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა.
განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.
17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.